მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი კამპანია იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული - შალვა პაპუაშვილი

20 ივლისი 2023, 14:02 685 ნახვა

წარმოიდგინეთ, რა ლობიზმი, რა დაფინანსებული კამპანიები მიმდინარეობს დღეს საქართველოში, ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან განსხვავებით ამერიკისგან, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ე.წ. რუსული კანონი არ გვაქვს და გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული.

"საერთო ჯამში, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი ეს კამპანია, ხან „ფრი მიშას“ ლოზუნგით, ხან ჰუმანიტარულად სადმე გადაყვანის ლოზუნგით, ხან წამებაზე, ხან მოწამვლაზე, იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია. ჩვენ ვნახეთ ყველაზე მახინჯი სახე იმისა, რასაც შეიძლება, ეწოდოს პოლიტიკა, როდესაც შეიძლება მოისყიდო მედია, პოლიტიკოსები, მათ ათქმევინო ის, რაც გჭირდება, გაავრცელო დეზინფორმაცია და ფაქტობრივად, ამ დოკუმენტებს რომ გაეცნობით, ნახავდით, სია არის ჩამოწერილი აქტივობების. თუკი არსებობს სადმე წიგნი ჰიბრიდული ინსტრუმენტების შესახებ, ყველა ეს მეთოდი შიგნით იქნება ჩამოწერილი. ჩვენ ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, ვნახეთ, რომ რეზოლუციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის იდეა, ევროპის შუაგულში წარმოშობილი და განვითარებული იდეები, აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ლობისტები წერდნენ ამ რეზოლუციის პროექტებს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდა ლობისტებსა და ევროპარლამენტარებს შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საუბრები სააკაშვილის წამებაზე არის ტყუილი. მისივე განმარტებით, შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც შეეხო ამ საკითხს დეზინფორმაციული კუთხით, თავს ესხმოდა და სამწუხაროდ კვლავ ესხმის ქართულ სახელმწიფოს.

„მინიმუმ, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, არის ის, რომ ის სტატიები, განცხადებები, რეზოლუციები სინამდვილეში იყო არა ევროპარლამენტარების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატებისა და მოქმედი პოლიტიკოსების გულწრფელი პოზიციები, არამედ ნაკარნახევი პოზიციები. გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთი ხალხი გამოდიოდა, ვისაც ან რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, ან საიდან უნდა ჰქონოდა საქართველოსადმი სპეციფიკური ინტერესი, მაგრამ გარკვეული სახელები და გვარებია, რომლებთანაც შეიძლება რაღაც ავტორიტეტი იყოს დაკავშირებული და ამ ადამიანებს ალაპარაკებდნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება, შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას ახლა აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს.

"აღმოჩნდა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლა ლობირებული იყო და ვნახეთ რა ფული, რა ძალები და ქსელები იყო ამაში ჩართული. საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია პოლონეთის ხელისუფლებას და მისცა პოლონელ ექიმებს უფლება შესულიყვნენ [მიხეილ სააკაშვილთან]. ეს კეთილგანწყობა, სამწუხაროდ, ბოროტად გამოიყენა ერთ-ერთმა ექიმმა, როდესაც ის ცდილობდა მალულად, კონტრაბანდულად გაეტანა კლინიკიდან ნიმუში. მთავარი ისაა, რომ მას ეს ნიმუშები უკვე ჰქონდა. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს რაც საჭირო იყო, ყველაფერი ჩაუტარეს, აუღეს ანალიზები, თმის ღერი და ა.შ., დალუქეს თავად, სხვებთან ერთად. ამის შემდეგ შებრუნდა ერთი ექიმი და მალულად, იგივე ანალიზები აიღო. ახლა გვეუბნებიან, რომ ადამიანს ჩვევად აქვს, რომ ფეხსაცმელში ინახავს რაღაცებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც არანაირი ახსნა არ მოგვცა. ახლა არის ასეთი სიტუაცია, რომ თავად პოლონეთის მთავრობის წარმოგზავნილი ამ ჯგუფის მიერ ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება და სწორედ იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ხოლმე. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას აქვს ახლა მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, რატომ იდგა თურმე პალატასთან კამერა და ა.შ. სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში, ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადა პოლონეთის ხელისუფლება, ამიტომ ეს ვალი მათ კვლავ რჩებათ, რომ განმარტონ, რა იყო ამ საქციელის მოტივი“ ,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე კატეგორიაში