საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია, იგი გამორჩეულია რეგიონში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 

27 ივლისი 2023, 15:55 612 ნახვა

საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია, საქართველო გამორჩეულია რეგიონში, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში.

"ზოგადად, საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია და საქართველო გამორჩეულია რეგიონში. თუმცა, იზრდება უნდობლობა სასამართლოს მიერ კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად გამოძიების შესაძლებლობის მიმართ, ამასთან ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში რჩება. სხვა კომპანიები ჩივიან, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტურია, არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, არსებობს პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი გამოყენების შესახებ ბრალდებები, მათ შორის კომერციული კანონების შემთხვევაშიც, ასევე არსებობს სირთულეები საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრაში.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას და დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს რეგიონში, სადაც კარგი გარემოა ბიზნესის წარმოებისთვის. აშშ-მა და საქართველომ 1994 წელს მოაწერეს ხელი ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებას და საქართველოს აქვს უფლება აშშ-ში დაბეგვრის გარეშე განახორციელოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი, პრეფერენციების საყოველთაო სისტემის ჩარჩოს ფარგლებში.

ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობით ქვეყნის გავლით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. საქართველო დიდი ხანია, მიზნად ისახავს შავ ზღვაზე თავისი სტრატეგიული მდებარეობის კაპიტალიზაციას საქონლისა და ენერგეტიკის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნად გადაქცევით. ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა განაპირობა ტვირთების ზრდა ბოლო დროს ამ „შუა დერეფნის“ გავლით, რადგან ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით ახლა უფრო სარისკოდ მიიჩნევა. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერის გახსნის გეგმები ანაკლიის ღრმაწყლოვანი შავი ზღვის პორტის განვითარებისთვის (რომელიც მანამდე მთავრობამ გააუქმა 2020 წელს). კერძო სექტორი აგრძელებს ინვესტიციებს საპორტო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ტვირთების მოსაზიდად. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში. 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა გამოაცხადა ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური პორტის შექმნის გეგმები, რომელსაც ამჟამად ახორციელებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში