გამოქვეყნდა 2022 წლის „ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ”. დოკუმენტი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა მოამზადა და ასახავს ევროკავშირის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობასა და დაცვაზე მთელ მსოფლიოში. ის წარმოადგენს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ანგარიშს. მისი ნაწილი, რომელიც საქართველოს შეეხება, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
დოკუმენტში საქართველოს საკითხი ხუთ პუნქტად არის წარმოდგენილი და იწყება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვით. მასში ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იყო წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. ევროკავშირი მიუთითებს, რომ კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აცხადებს, რომ ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.