სამძიმარი საქართველოს

04 აგვისტო 2023, 18:15 737 ნახვა

შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. „გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში. შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.“ - ვკითხულობთ გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო მოძმე ქართველი ხალხის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქედს იხრიან მათი მწუხარების წინაშე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. სამძიმრის წერილი გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც საქართველოში. ასევე ამერიკის საელჩომ საქართველოში, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ დაკარგულთა დროულად პოვნისთვის ლოცულობენ, ამავდროულად ღრმა მწუხარებით უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს. განცხადება გაავრცელა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, ასევე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში