საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე გაემგზავრა

16 აგვისტო 2023, 10:58 681 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს. თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში დღეს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება.

ტურნირში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს 19 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს; გუნდი 23 აგვისტოს – დიდ ბრიტანეთს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეტოქე გაირკვევა.

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაკრები კი ტურნირში მესამედ იღებს მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში