გამოცდების ცენტრი კანონშეუსაბამოდ მოიქცა, როცა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა - ომბუდსმენი

16 აგვისტო 2023, 12:08 861 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე კანონშეუსაბამოდ მიიჩნია - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

ომბუდსმენის განცხადებით, აბიტურიენტისთვის, უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად, ისტორიის დამატებითი გამოცდა დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს.

"განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.

საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში