სტიქიის ზონაში გრძელდება ძებნის სამუშაოები, მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ, რომ მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა - ირაკლი კობახიძე

16 აგვისტო 2023, 19:06 867 ნახვა

მადლობა უნდა გადავუხადოთ მაშველებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის  თქმით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

„გრძელდება ძებნის სამუშაოები. 26 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 24 არის იდენტიფიცირებული, ასევე სამი ადამიანის ფრაგმენტებია და ხდება იდენტიფიცირება. გრძელდება ეს სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ მაშველებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა. ძალიან მძიმე სამუშაოა და მადლობა მათ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში 3 აგვისტოს ღამეს პროცესები წარიმართა ეფექტიანად.

„ერთადერთი თემა იყო ვერტმფრენები და ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც უნდა განიმარტოს, როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, მე ეს ინფორმაცია მაქვს, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს. შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი პილოტებს აქვთ ისეთივე საფრთხე, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხედვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას, თუმცა ასეთი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შორის ადამიანების, იგივე ცხედრების და ასე შემდეგ, შესაძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არ შეჩერებულა, სამუშაოები გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის. პროცესები წარიმართა ეფექტიანად. რამე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებში ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზე ალბათ პასუხისმგებლობა შეგვიძლია, ავიღოთ. თუმცა, ბუნებრივია, ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამისთვის კომპეტენტური ორგანო არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, რა იყო ადგილზე ვითარება, როგორ იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ. ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია, გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა სრულად იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში