გია გეგუჩაძემ "დინამო" ბათუმი დატოვა

21 აგვისტო 2023, 16:49 1025 ნახვა

გია გეგუჩაძემ "დინამო" ბათუმის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

"კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბატონ გიას გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია "დინამო" ბათუმის ოფიციალურ განცხადებაში.

გია გეგუჩაძემ „დინამო“ 2018 წლის იანვარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის, ეროვნული ლიგის, სუპერთასის მოგება და 3 ჯერ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონობა მოახერხა.

გეგუჩაძის თაოსნობით, "დინამო" ბათუმმა 188 ოფიციალური მატჩიდან 108 შეხვედრა მოიგო, 46 მატჩი ფრედ დაასრულა და  34 მარცხი განიცადა.

შავიზღვისპირელების ახალი მწვრთნელის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 46 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი ბათუმელები 27 აგვისტოს სტუმრად "გაგრას" წინააღმდეგ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში