კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება

25 აგვისტო 2023, 21:51 601 ნახვა

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.

„მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ, დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში“, – აცხადებს კვიჟინაძე.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ რომ, ახალი კანონპროექტი აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რომელიც 2018 წელს გამოვლინდა.

„როგორც იცით, 2018 წელს მიღებული კანონით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთთვიანი ვადა მოქალაქეებს შორის პორტფელებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა რეფორმის მიმდინარეობამ დაგვანახა ამ შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ეს მონაწილეებს მისცემს მეტად გაცნობიერებული არჩევანის მიღების საშუალებას. პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაუქმდება როგორც აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში