ადრეული გაფრთხილების სისტემა არ არის ერთი მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟდება და ინფორმაციას მოგვცემს, ღონისძიებების კომპლექსია და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგნოზი ვრცელდება - ოთარ შამუგია

30 აგვისტო 2023, 19:08 646 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ადრეული გაფრთხილებების სისტემის შესახებ ისაუბრა.

„ადრეული გაფრთხილების სისტემა არ არის ერთი მოწყობილობა ან თუნდაც ერთი სენსორი, რომელიც სადღაც იქნება დამონტაჟებული და ინფორმაციას მოგვცემს. ადრეული გაფრთხილების სისტემა არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელიც შედგება მონიტორინგის სხვადასხვა მოწყობილობისგან, როგორიც არის მეტეოსადგური, რადარი, წყალმზომი და ასე შემდეგ. აღნიშნული სისტემა გვაძლევს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზეც შესაბამის პროგნოზს, მონაცემებს ვავრცელებთ და ინფორმაციას ვაწვდით შესაბამის სამსახურებს. ხშირად გვესმის, რომ არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით, ასევე, გვესმის, რომ დონორებმა გარკვეული თანხა გამოყვეს. ეს არის ჩვენი მხარდამჭერების, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა და 2018 წლიდან გაერო-ს განვითარების პროგრამა ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროექტის განმახორციელებელია. ეს არის მათი დისკრედიტაცია და ამ საკითხებზე ასე საუბარი არაფრით არ შეიძლება. სწორედ მათ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ ამ თემებზე. პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია.

ეს პროცესი გრძელდება. ასევე, ბოლო წლებში შევისყიდეთ ორი თანამედროვე რადარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მომზადებულია რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს და წლის ბოლომდე ყველა რუკა დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, ჩვენ გვქონდეს იდენტიფიცირებული ადგილები, სადაც შესაძლებელია რაიმე მოვლენების განვითარება. ამის შემდგომი პროცესია უკვე ისეთი განგაშის სისტემა, როგორიც ჩვენ გვაქვს დევდორაკზე, რომელსაც ცალკე შესწავლა სჭირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მონტაჟი თითოეულ უბანზე. პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის გამართული მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სწორედ ბოლო წლებში დაიწყო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში