სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებში საელჩოები არ არიან ჩართული - საგარეო უწყება

31 აგვისტო 2023, 15:50 570 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში საელჩოები არ არიან ჩართული.

"გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართული ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში“, - განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ  დღეს შტაინმაიერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში