საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი - ილია დარჩიაშვილი

05 სექტემბერი 2023, 14:10 522 ნახვა

ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი. 

„სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიან ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ასევე იმედი გვაქვს, მიიღება გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მტკიცე კავშირს ევროკავშირთან. დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზაზე უნგრეთი მომავალშიც საქართველოს გვერდით იდგება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში