მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება

06 სექტემბერი 2023, 14:53 577 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.

მიქანაძის განმარტებით, ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, საჭირო იქნება 90 ხმა. თუმცა, მიქანაძის თქმით, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის.

გივი მიქანაძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმით მხარდაჭერაც ვერ იქნა მოპოვებული, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

„ გამომდინარე იქიდან, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შუალედურ შეფასებაზეც იყო კონკრეტული მოსაზრებები გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც განხორციელდება შემდეგი სქემა:  ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები, კვორუმი იზრდება და იქნება სამი მეხუთედი. 90 ხმაზე იქნება ორიენტირებული.

 

იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის უკვე 76 ხმა, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული და მხარდაჭერა ვერ იქნა მოპოვებული, წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, ეს საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია. საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუ ცესკო-ს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის განმარტებით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში