საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, სწორედ ამისთვისაა საჭირო რეფორმების შესრულება - პიერ ალექსანდრ ანგლადე

18 სექტემბერი 2023, 15:59 432 ნახვა

საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. ამ მომავლისთვის არა მხოლოდ საქართველოს აქვს ზოგიერთი რეფორმა გასატარებელი, არამედ გაფართოებისთვის რეფორმირება სჭირდება ევროკავშირსაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პიერ ალექსანდრ ანგლადემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ყველა მხარე მზად იყოს გაფართოების პროცესისთვის.

„საქართველო რეკომენდაციებს როდესაც შეასრულებს, ერთ დღეს ის იქნება ევროპული. როდესაც მივიღებთ ევროკომისიის ანგარიშს, ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენი გზავნილი ძალიან ცხადია – როგორც კი საქართველო კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმებს განახორციელებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დისკუსიების დაწყება შეგვეძლება. საქართველო არის ევროპული ქვეყანა და მისი ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამისთვისაა საჭირო რეფორმების შესრულება, ევროკავშირსაც სჭირდება მომზადება გაფართოებისთვის, რადგან ეს პროცესი მხოლოდ საქართველოს კი არ ეხება, არამედ მოლდოვას, უკრაინასა და ბალკანეთის ქვეყნებს. თუ გვსურს, ყველა ერთად იყოს წარმატებული, საჭიროა ყველა მხარე მზად იყოს ამ პროცესისთვის“, – განაცხადა პიერ ალექსანდრ ანგლადემ.

ბელგიის სენატის წევრის გაეტან ვან გოიდსენოვენის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მცდელობებს.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა და ბევრ ძალისხმევას სწევთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მცდელობებს. ეს გრძელი გზაა, მაგრამ გვსურს, რომ უფრო მკაფიო პერსპექტივა გქონდეთ. ეს ჩვენთვისაც არსებითია, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დამატებითი, რეალური პერსპექტივა სჭირდება. თქვენ კარგად მიდიხართ ამ გზაზე და ახლა გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. გვინდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხარდამჭერები ვიყოთ. მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და მე პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს“, – განუცხადა გაეტან ვან გოიდსენოვენმა საქართველოს პირველ არხს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში