ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და გერმანიის კანცლერთან - პრემიერი

19 სექტემბერი 2023, 09:55 399 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაერო-ს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, გაერო უკეთესად მოერგოს არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და გაერო-ს წესდებას ეყრდნობა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლესაც შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და
რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა შედგა გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცთანაც.

მათვე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, სადაც განვიხილეთ 12-ვე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საუბრისას მადლობა გადავუხადე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი გერმანიის მიერ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი გამოთქმული მზაობისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში