ოპოზიციაში ე.წ. კაცები ქალებს იფარებენ პროვოკაციების შესასრულებლად - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2023, 14:27 533 ნახვა

ოპოზიციაში ე.წ. კაცები ქალებს იფარებენ პროვოკაციების შესასრულებლად, ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები, დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გარეთ ბრიფინგს ვატარებდი და პასუხს ვცემდი თქვენს შეკითხვებს, როცა მოვიდა წითლიძე. მე ახლა ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია, ხომ, არ შეიძლება. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ მგონი, არ არის ჩემგან სწორი, რომ ქალთან შევიდე პოლემიკაში და არც შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში. ამით სარგებლობენ ე.წ. კაცები, რომლებიც არიან ვითომ კაცები ამ ოპოზიციაში, იფარებენ ქალებს ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად. ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები. დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი რამ ამოძრავებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს და საქართველო უკრაინიზაციისკენ წაიყვანოს, რაზეც ღიად საუბრობენ.

„გუშინ ეთერში ისმენდით, როგორ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ჯობია კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს ქვეყანას. პირდაპირ ხოშტარია და ჯაფარიძე ისხდნენ და საუბრობდნენ ამაზე. ერთადერთი რამ ამოძრავებთ და აინტერესებთ, რომ როგორმე სიტუაცია არიონ ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება ასე ღიად საუბარი. ადრე წამოცდენები მაინც ჰქონდათ ხოლმე და ახლა ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უმჯობესია ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ავლენენ, ამჟღავნებენ, ერთადერთი სურვილი აქვთ, როგორმე არიონ ქვეყანა. უკრაინიზაციაზე აბოდებთ უბრალოდ და უნდათ ამ ქვეყნის უკრაინის ბედში გახვევა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე და სწორედ ამიტომ არის დაცული ადამიანის უფლებები, რომ უკრაინიზაციისკენ არ წავიდეთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სულსწრაფობა გამოავლინა.

"ამ საკითხის შესწავლა ხდება. საკითხი მას შემდეგ გადადის პრეზიდენტთან, როგორც კი კანონის წინააღმდეგ მოქალაქეობის მიღება გამოვლინდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის სულსწრაფობას, ვურჩევდი, საკუთარი დოსიეც გამოითხოვოს, რომლის მიხედვითაც, როგორც ოპოზიცია ამბობდა, იმ დოსიეში მისი მეტსახელი იყო „სტრიკაზა“.  სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ დაწერილ განცხადებაში სულსწრაფობა გამოავლინა. ამას გაარკვევს იუსტიციის სამინისტრო, თუ ფარცხალაძე იტყვის, რომ მას ურჩევნია რუსეთის მოქალაქეობა, ეროვნული ბანკის რეგულაცია მასზე აღარ გავრცელდება. ხდება იუსტიციის სამინისტროში დაბარება, შეთავაზება, რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ირჩევს, პროცედურა სჭირდება. პროცედურა ალბათ დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში