ყარაბაღიდან სომხეთში 2 900-ზე მეტი ადამიანი გადავიდა

25 სექტემბერი 2023, 10:07 673 ნახვა

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 2900-ზე მეტმა ადამიანმა. მათივე  მონაცემებით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 1000-მდე ადამიანს საცხოვრებელი თავად ჰქონდა, 1100 სომხეთის მთავრობამ უზრუნველყო, დანარჩენების საჭიროების შეფასება კი გრძელდება.

მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის.

პარალელურად, აქციები გრძელდება ერევანში. დემონსტრანტები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის გამო, მის გადადგომას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში