ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს

05 ოქტომბერი 2023, 16:34 495 ნახვა

სადაც კი პრეზიდენტი წარსდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, - ასე მიმართა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

მან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა მმართველ გუნდს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში მოლაპარაკებები აწარმოა.

„მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს „მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგები, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება“, - განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, კოპალეიშვილმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მოლაპარაკებები და რა კონკრეტული შედეგი დადგა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების ლიდერებს კონკრეტული მიზნით - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხზე ესაუბრებოდა, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი იყო.

კობახიძის თქმით, მთავრობა ვერ ენდობა პრეზიდენტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს და ამ დროს რა ნდობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის წესრიგით. ეს არის ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. არ შეიძლება მთავრობამ პრეზიდენტს მიანდოს ისეთი საქმეების კეთება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. აქ სამართლებრივი პოზიციებიც და ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობაც არის ძალიან მყარი“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში