ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, სლოვენიის, საბერძნეთის, ფინეთის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

06 ოქტომბერი 2023, 10:13 558 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება.

მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ გალობს ესპანეთის სამეფოში, ქალაქ გრანადაში შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

პრემიერმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთანაც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი ირაკლი ღარიბაშვილსა და ფინეთის პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება ფინეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში; განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს  ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვთან გაამრთულ შეხვედარზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში