ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას - პაველ ჰერჩინსკი

06 ოქტომბერი 2023, 11:11 558 ნახვა

ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა,  ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას.

ელჩის განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს.

"თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას. ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში