როცა ათჯერ ვერ ახერხებ პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ გაცნობიერებული გაქვს, რამდენად სუსტია შენი პოზიციები - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე

06 ოქტომბერი 2023, 13:23 537 ნახვა

საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, როგორ უჭირდათ  პრეზიდენტის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხის გაცემა. შეგნებულად არ სცემდნენ პასუხს ათჯერ ერთი და იგივე თემაზე დასმულ შეკითხვებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მათი მისამართით დასმულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი პასუხი გასცეს.

„შეგნებულად არ სცემდნენ კითხვებს პასუხს, ერთსა და იმავე თემაზე ათჯერ დასმულ შეკითხვას. როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. ასევე იხილეთ კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებით, რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცი. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რადგან პასუხები არ აქვთ უამრავ კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. როცა ამტკიცებ, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებას, ხოლო თვითონ მუხლის სათაური გეუბნება, რომ სტატუსს ადგენს, რაზეა აქ საუბარი. როცა გეკითხებიან, რა განსხვავებაა წარმოდგენასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ გვპასუხობ, ხომ ყველაფერი ცხადია. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშმა დარღვევამ სისტემატური ხასიათი შეიძინა, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს.

„თავის დროზე იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი პრაქტიკას შეცვლიდა, იყო გარკვეული პროგრესიც, რის გამოც, გარკვეულ ეტაპზე მთავრობის მხრიდან თანხმობებიც გაიცემოდა. თუმცა, როდესაც ნდობა სრულად დაიკარგა, ამის შემდეგ მთავრობა უფლებას აღარ გასცემდა

როდესაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშმა დარღვევამ სისტემატური ხასიათი შეიძინა, მხოლოდ ამის შემდეგ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველაფერთან დაკავშირებით და გვაქვს ძალიან კონკრეტული და მყარი არგუმენტები“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში