რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე - ირაკლი კობახიძე

13 ოქტომბერი 2023, 13:10 628 ნახვა

ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც კულუარებში იმპიჩმენტისთვის მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ კენჭისყრის დროს იმპიჩმენტს 90-ზე მეტი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს.

„მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული. უნდა თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ნუ მარტივი რაღაცაა. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს, ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. მათ სჭირდებათ მათი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს. ისინი დარჩებიან ალიანსში და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს, დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მათ აქვთ მყარი ალიანსი ჩამოყალიბებული. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და პირდაპირ არიან შეკავშირებული ერთმანეთთან. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე სწორედ რადიკალების იმედით არღვევდა კონსტიტუციას, მას აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ დაუჭერს მხარს მის გადაყენებას. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში