პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

15 ოქტომბერი 2023, 14:15 563 ნახვა

3 ოქტომბერს დაწყებული სამდღიანი განხილვა, დასასრულამდე ხვალ მივა. 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას - დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია.

ხვალვე გაირკვევა, დაიწყება თუ არა იმპიჩმენტის პროცესი უკვე პარლამენტში. საკონსტიტუციო წარდგინების ერთ-ერთი ავტორი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი მარტივად დადასტურდება.

მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მთავრობასთან შეუთანხმებელი ნაბიჯები სხვა შეფასებისთვის სივრცეს არ ტოვებს. ოპოზიციისთვის პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციასთან თავსებადია, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ სასამართლო სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთავარი კანონის დამრღვევად გამოაცხადებს.

იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრა შედგება, თუმცა ვერ შედგება თავად იმპიჩმენტი. ხელისუფლების ოპონენტები საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში