საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

16 ოქტომბერი 2023, 14:48 793 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.

გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გადასინჯვას, ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა.

მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები არიან: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკალიშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში