სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება პრეზიდენტად - ირაკლი კობახიძე

17 ოქტომბერი 2023, 13:41 493 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ – კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, ვიზიტების განხორციელების დროს პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა, მან ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რაც ამოხსნა საკონსტიტუციო სასამართლომ. სხვანაირად იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს, კეთილსინდისიერი იურისტი, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას.

"არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ შეიძლებოდა, ნაკლები ეკადრა, თუმცა გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, პირდაპირ თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გამოიყენა უხეში ტერმინები – სირცხვილია და ასე შემდეგ. მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. შეგახსენებთ, ეს არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და უზრდელობს. როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ზეპარტიული, ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ეს მისი პრობლემა და მისი საქმეა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მათ აქვთ სრული კოორდინაცია. რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, ასეთი რამ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უფრო ძლიერი სურათისთვის გადითო, სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ერთად დგამენ „კარწინკას“.  „ნაცმოძრაობამდე“ დავიდა სალომე ზურაბიშვილი, მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც სამარცხვინო ქმედებაა. მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით და ასე შემდეგ. ძალიან კარგად იცის, რომ ამ სცენარებით მისი გადაყენების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულის ტოლია. მან ხომ თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შეგახსენებთ, ეს არის პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე უწოდებდა აგენტს, რეზიდენტს, მოღალატეს. ეს ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება. გამოდის, რომ ორ მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ თავის დროზე, როცა ასე მოიხსენიებდნენ სალომე ზურაბიშვილს ან დღეს სხვა რამეს იტყუებიან. ერთიც და მეორეც სათაკილო ამბავია, რაც „ნაცმოძრაობას“ ძალიან სწორად ახასიათებს.

მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, ინსტიტუტები მოშლილიაო. უკვე მეთორმეტე წელი დაიწყება, რაც მშვიდობას ვინარჩუნებთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. დეკემბერში ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ყველაფერი სწორედ იმ ინსტიტუტების დამსახურებაა, რომლებიც ასე აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილს, ისევე როგორც „ნაცმოძრაობას“ და აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება, ბოლომდე მიჰყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც, თავის მხრივ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიჰყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში