იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავგანწირვას - ჯუანშერ ბურჭულაძე

17 ოქტომბერი 2023, 16:01 614 ნახვა

იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას განაცხადა.

მინისტრმა მოხსენება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო. მისივე განცხადებით, სწორედ ქართველი სამხედროები არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მშვიდობის დასაცავად გაიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„ჩვენი სამხედროები ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად, მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რაჭის სტიქიის დროს, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი საპარლამენტო მოხსენებაც საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა, რაც ქართული ჯარის შესაძლებლობების გაძლიერების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის მოდერნიზების, ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების, ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვის პოლიტიკის მიმართულებით თავდაცვის უწყებაში ბოლო დროს გადაიდგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში