ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის, არ დავტოვოთ კონსტიტუციის არც ერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე - ირაკლი კობახიძე

18 ოქტომბერი 2023, 12:44 756 ნახვა

დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის, არ დავტოვოთ კონსტიტუციის არც ერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში ისმენდა არგუმენტებს, რატომ დაირღვა უხეშად პრეზიდენტის მიერ კონსტიტუცია.

"იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დღეს წარიმართება, არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება. ქართული საზოგადოება, სამი დღის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ისმენდა არგუმენტებს, თუ რატომ დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უხეშად საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადგენილი სამართლებრივი ფაქტის მიხედვით. ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი. 

 

მინდა, შეგახსენოთ, რა იყო ამ კაზუსის ფაბულა. კონსტიტუციის 52-ე მუხლი ითხოვს მთავრობის თანხმობის მიღებას, როდესაც პრეზიდენტს სურს ვიზიტის განხორციელება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული. ის რეგულარულად ითხოვდა თანხმობას. ამ შემთხვევაში, როდესაც მიდიოდა გერმანიაში, ითხოვა თანხმობა, თუმცა მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ამის მიუხედავად ის მაინც გაემგზავრა. დაირღვა კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი. ამას სჭირდება უმარტივესი ლოგიკა“, - განაცხადა კობახიძემ. - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი, ერთმნიშვნელოვნად ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა. 

"პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი დარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს, უფრო მეტიც, მან სცადა ქვეყანაში დე ფაქტო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა და სცადა, პირდაპირ უხეშად შეჭრილიყო საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, განახორციელოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის უხეში დარღვევა, რომელსაც აქვს სერიოზული სიმძიმე. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცდელობით საქართველოს პრეზიდენტი დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს. მინდა, შეგახსენოთ, რომ როგორც ზოგადად საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე ევროინტეგრაციაზეც, საქართველოში ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და სწორედ მისი პრეროგატივაა პრეზიდენტს მიანდოს, ან არ მიანდოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ნდობის არარსებობის პირობებში და იცით, ამ ნდობის არარსებობის მიზეზები რაც არის, მთავრობა ვერ ენდობოდა პრეზიდენტს შესაბამისი ვიზიტების განხორციელებისას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე, უხეში, მრავალჯერადი. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დააანონსა, რომ განაგრძობდა სისტემატურად საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს არის კონსტიტუციის ღალატი, ამ კონსტიტუციაზე დადებული ფიცის ღალატი, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დარჩენილიყო რეაგირების გარეშე. ეს მინდა, შევახსენო ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელთაც აქვთ ამბიცია კეთილსინდისიერებაზე  და არა იურისპრუდენციის გაგებაზე, არამედ ლოგიკურ აზროვნებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში თქვეს ტყუილი, თითქოს პრეზიდენტმა სხვანაირად გადაიაზრა საკუთარი კომპეტენციები და თითქოს მას რამდენიმე თვის წინ უკვე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე, რომ არ საჭიროებდა მთავრობის თანხმობა.

"მე შემიძლია, მოვიყვანო საპირისპირო ფაქტები. ეს სამი ვიზიტი სალომე ზურაბიშვილმა არ დააფინანსა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ ეს ვიზიტები იყო კონსტიტუციური, ლეგიტიმური, რატომ არ გასწია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები. მას ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში და ჰქონდა მათი მხარდაჭერის იმედი, შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, თუმცა მას არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პროკურატურაში. ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევით, ის ჩაიდენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე, მინდა, შეგახსენოთ ლიტვაში გაკეთებული განცხადება, რომ ის არ იყო ფორმალურად უფლებამოსილი, განეხორციელებინა სამუშაო ვიზიტი. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებამდე, მან ორ ენაზე მიმართა ბელგიის მეფეს და აღნიშნა, რომ ბელგიაში ვერ წავიდა მთავრობის თანხმობის არარსებობის გამო. არის სამი მარტივი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტს ბოლო დღეებამდე გააზრებული ჰქონდა მისი სამუშაო ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში