იმპიჩმენტის პროცედურით ვიხილეთ ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის - კობახიძე

19 ოქტომბერი 2023, 13:15 450 ნახვა

გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად, ის სინამდვილეში რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინ ფაქტობრივად დაახლოებით 50-მა „ნაციონალმა“ აირჩია სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს პრეზიდენტად“.

"რა მოიტანა იმპიჩმენტმა, პირველ რიგში დადგინდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც არის მნიშვნელოვანი ასევე პრევენციული თვალსაზრისით, მეორე – ჩვენ ვიხილეთ ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის, ესეც არის მნიშვნელოვანი შედეგი. ასევე თქვენ ნახეთ, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის დარღვევა და დეპუტატების უმრავლესობა აღარ მიიჩნევს მას პრეზიდენტობის ღირსად, ასეთ პირობებში, გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად, ის სინამდვილეში რჩება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. გუშინ ფაქტობრივად დაახლოებით 50-მა „ნაციონალმა“ აირჩია სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს პრეზიდენტად“, სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი არ აფინანსებდა ვიზიტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან იცოდა, რომ მას არ ჰქონდა ვიზიტების განხორციელების ნებართვა.

"რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან მის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოიწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტებისთვის. გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი. გუშინდელი დღიდან ის რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ამ ქვეყანას ვერაფერს დაუშავებს, როგორც სამადაშვილს და ხაბეიშვილს არ შეუძლიათ არაფრის დაშავება ამ ქვეყნისთვის, ასევე ვერ დაუშავებს სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი უკვე ოპოზიციის მხარეს არის.

„წინასაარჩევნოდ თუ ფორმალურადაც გადაინაცვლებს ოპოზიციის მხარეს და შეუერთდება თუ არა რომელიმე პარტიას, ეს არ ვიცი, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს და შეიძლება, ამაზეც შეთანხმდნენ. შეიძლება, არჩევნებში ვიღაცასთან ერთად გავიდეს. მას არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა. ერთადერთი სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება არ აქვს. ვინც „ნაციონალია“, ის ხმას მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობის“ პირველი ნომერი გახდეს, თუმცა აქაც მათ დააკლებს და ვერაფერს მოუტანს“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში