არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია - ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2023, 13:42 480 ნახვა

ზოგადად არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული პარტია შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან რა თქმა უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას პერიოდულად აქვს წამოცდენები, რომ კანდიდატის სტატუსი არ სურთ.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ძალისხმევა დაფასდება და დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„უკვე წელიწად-ნახევარია, ვაცხადებთ, რომ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. საგულდაგულოდ ცდილობენ, ეს ყველაფერი დამალონ, მაგრამ პერიოდულად აქვთ წამოცდენები იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ სურთ. გუბაზ სანიკიძის განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, რომელიც ამ თემას უკავშირდება. რეალურად, ეს არის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ოპოზიციას არ სურს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და საბოლოო ჯამში, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში