რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით რთულდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება - მდინარაძე

24 ოქტომბერი 2023, 14:09 512 ნახვა

რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს კითხვა ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"ირაკლი ბებუაზე ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, როდესაც პარლამენტში იყო. როდესაც ცუდი მდგომარეობაა ამის დრამატიზება ხანდახან არათუ ხელს უწყობს ეს ადამიანები დახსნილი იქნან პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს სიტუაციას. გთხოვთ ხოლმე, რომ ობიექტურად გაშუქდეს ინფორმაცია და არ იყოს რომელიღაც ოპოზიციური პარტიის და პარტიული მედიის მიერ გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის. მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ცუდი ამბის დრამატიზება ხდება და სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის უსაფრთხოების სამსახურს, პარტნიორსაც, მეგობარსაც, მეგობარი ქვეყნების წარმომდგენლებსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში.

ამიტომ, მგონია, რომ ხშირად ამის გამეორება არ უნდა გვიწევდეს, რადგან იმ ადამიანის ინტერესია პირველ რიგში. საოკუპაციო ხაზზე იმ მავნებლობას, ოკუპაციას რომ მოსდევს ხოლმე ადამიანების გატაცება, რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე მედიაში თემა და მეტად მიდის ამ თემის გამოყენება, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანების გათავისუფლება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში