ყველაფერი მზად არის, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ფორუმს - დავითაშვილი

25 ოქტომბერი 2023, 14:10 957 ნახვა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ყველაფერი მზად არის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, გამორჩეულია 2023 წლის აბრეშუმის გზის ფორუმი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ინტერესია მონაწილეების მხრიდან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უმაღლესი დონის დელეგაციები არიან ჩამოსული.

"ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის დელეგაციები პრემიერების, ვიცე-პრემიერების, მინისტრების დონეზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ძალიან აქტიური ჩართულობა ბიზნესისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენთვის საინტერესო ქვეყნიდან მაღალი დონის ბიზნესის დელეგაცია, ბიზნესწარმომადგენლობა იყრის თავს აბრეშუმის გზის ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გამოძახილი იმ ეკონომიკური რეფორმების, პროგრესის, რომელიც საქართველოში გვაქვს და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით ქვეყანას გააჩნია, ასევე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც სტაბილური ქვეყანა, ძალიან მიმზიდველია ევროპისთვისაც და აზიისთვისაც.

"ჩვენი ქვეყნის როლი გაიზარდა ბოლო წლებში, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირებადობას აზიისა და ევროპის კონტინენტის და ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, ეს არის, მათ შორის, ენერგეტიკული კავშირები, ეს არის ასევე ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები, თანამშრომლობა საქართველოსთან არის სარგებლიანი და საინტერესო როგორც ევროპის, ისე აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ასე რომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ ფორუმი ჩაივლის ძალიან წარმატებით და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას და ასევე კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა, რადგან ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ფორუმის ფარგლებში მოეწერება ხელი ბევრ შეთანხმებას, რაც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ფორუმზე კომპანიები შეძლებენ ერთმანეთში სავაჭრო ურთიერთობებზე, გადაზიდვებზე დალაპარაკებას და შეთანხმების მიღწევას.

„შუა დერეფანი დღეს აქტუალურია. შუა დერეფანი არ არის სამომავლო პროექტი, ეს არის მიმდინარე ძალიან აქტუალური პროექტი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროები არის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამწევი ძალა, ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ ამ კუთხით აქტივობა გაიზრდება, გაიზრდება კომპანიებს შორის ურთიერთობა. იცით, რომ წარმოდგენილი არიან როგორც შუა აზიის ქვეყნები, ისე ჩინეთის დელეგაცია. ჩვენ გვყავს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ევროპული კომპანიებიდან. ვფიქრობ, რომ კომპანიები შეძლებენ ერთმანეთში სავაჭრო ურთიერთობებზე, გადაზიდვებზე დალაპარაკებას და შეთანხმების მიღწევას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, სამინისტროს ასევე აქვს შეთანხმებების პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, ეს უკავშირდება კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობას, როგორებიც არის საფინანსო სექტორის განვითარება, ფინტექ მიმართულებები, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობა.

„ამ ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმებს როგორც სამთავრობო დონეზე, ისე სამინისტროსა და კონკრეტულ ბიზნესებს შორის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მომავალში ამ საერთაშორისო კომპანიების საქართველოში საქმიანობას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ ველოდებით უკვე საინვესტიციო აქტივობას. ჩვენ ვიცით, რომ დელეგაციები წარმოდგენილია მსხვილი ბიზნესებით, განსაკუთრებით ეს არის არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ, აბრეშუმის გზის ფორუმი უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგის მომტანი უახლოეს ხანებში ჩვენი ეკონომიკისთვისაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში