"თევზეული ქართულ სამზარეულოში" - აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა

26 ოქტომბერი 2023, 15:43 1950 ნახვა

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, რომელშიც 70-ზე მეტი ადგილობრივი თევზის რეცეპტია თავმოყრილი. წიგნი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები. გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ.

დეპარტამენტის განმარტებით, "თევზეული ქართულ სამზარეულოში" წლის ბოლომდე დაიბეჭდება და გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში