როგორ მოხდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსება - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

30 ოქტომბერი 2023, 16:43 866 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, როგორ მოხდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ცვლილება შეეხებათ ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც ამ პროგრამაში არ იყო და დაემატა. მისივე განცხადებით, დაფინანსების ლიმიტი ამ ეტაპზე არ გაზრდილა.

"დასაფინანსებელ ონკოლოგიური პაციენტების სიას დავამატეთ 40 000-ზე მეტი შემოსავლების მქონე ადამიანები. მათ სრულად ვუფინანსებთ მომსახურებას. ერთი ნიუანსი იყო ონკოლოგიურ ქირურგიასთან დაკავშირებით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული ლიმიტის ფარგლებში, პირს სრულყოფილად ვუფინანსებთ როგორც სამედიცინო ჩარევებს, ასევე მედიკამენტებს. ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს 40 000-ლარამდე შემოსავლების მქონე ადამიანების საჭიროებებს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანების შემთხვევაში კი გავაკეთეთ გამონაკლისი და 40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სხვადასხვა საჭიროებას დავუფარავთ. კონკრეტული ცვლილება შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც არ იყო პროგრამაში.

 

ლიმიტი ამ ეტაპზე არ გაგვიზრდია, თუმცა ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ ლიმიტის ფარგლებში გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ლიმიტი საერთოდ მოიხსნას ან საჭიროების მიხედვით, რამდენიც დასჭირდება ადამიანს, იმდენი დავუფინანსოთ. ამ შემთხვევაში ლიმიტი იგივე რჩება, მაგრამ MEA-ს ტიპის კონტრაქტით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და დიდი თანხის დაზოგვა ხდება, რითიც სხვადასხვა საჭიროებას დავაფინანსებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში