სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მთავრობის მიერ მისი ევროპაში გაშვება - კობახიძე

31 ოქტომბერი 2023, 16:15 559 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის CBS NEWS-თან ინტერვიუზე.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავად აჩვენა მორიგი მტკიცებულება, მთავრობის მიერ რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში.

„სალომე ზურაბიშვილი როცა ევროპელ ლიდერებს ელაპარაკება ასეთი გზავნილებით, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვათავაზა მორიგი მტკიცებულება, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში მთავრობის მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ინფორმაცია აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება.

„სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გააქტიურების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება. ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში, ამ პარტიასაც არავითარი წარმატების შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში