ჩვენ უნდა მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი

03 ნოემბერი 2023, 22:14 774 ნახვა

ძალიან კარგად ვხედავთ და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას. ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ძალიან სწორია, რომ დღეს აქ, ამ ადგილას აღვნიშნავთ დიპლომატიის დღეს, რამეთუ ეს ორბელიანების სასახლეა და როგორც იცით, დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე დაინიშნა. ეს შემთხვევითი არაა. ჩემი და იმდროინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი ადმინისტრაციის ინიციატივა იყო რომ ეს დღე აგვერჩია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ სულხან-საბა დიპლომატების წინაპარი იყო და ამასთანავე ევროპისკენ მიმავალი ჩვენი ერთ-ერთი პირველი დიპლომატი და ჩვენ ყველანი მას მივყვებით.

დღეს, როცა ჩვენ ველოდებით ჯერ პირველ დასკვნას და შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს დღე უნდა აღვნიშნოთ და გავიაზროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დიპლომატია. ჯერ ერთი დიპლომატია არ დაიწყო სულხან-საბათი და მუდამ ქართველ მეფეებს ჰყავდათ თავისი დესპანები, რომლებსაც სხვადასხვა დიდ სახელმწიფოებში აგზავნიდნენ, ისინი ხშირად მათი ოჯახის წევრები იყვნენ – მეუღლეები, შვილები და ეს ტრადიცია გაგრძელდა სანამ საქართველო, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ანუ პირველ რესპუბლიკად არ ჩამოყალიბდა, როცა მართლაც დაიბადა ჩვენი პროფესიონალური დიპლომატია. მათი სახელები, ზოგიერთი ალბათ იცით – აკაკი ჩხენკელი, შეიძლება ყველაზე ცნობილი იყოს, მაგრამ ბევრი სხვაც იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ყავდა ძალიან სერიოზული დიპლომატიური წარმომადგენლობა და ისინი როგორც საქართველოს დელეგაცია, პირველად ოფიციალურად, მონაწილეობდნენ მაგალითად 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, შემდეგ მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი სამუშაო გაიწია, რათა საქართველო ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო.

„სამწუხაროდ, როგორც ალბათ ყველამ იცის, ეს ისე დამთავრდა, რომ საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ და ჩვენ ვეღარ მოვასწარით ერთა ლიგის სრულყოფილი წევრი გავმხდარიყავით. მაგრამ ეს სამუშაო ტყუილად არ გაწეულა. შემდგომაც იყო განხილვები და საქართველოს დიპლომატიური საქმიანობა გაგრძელდა, თუნდაც მაშინ, როცა საქართველო აღარ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მაგალითად საფრანგეთში, ემიგრაციაში, სადაც ყველაზე დიდხანს შენარჩუნდა საქართველოს დელეგაცია 1904 წლამდე, ოფიციალურად იყო აღიარებული საქართველოს წარმომადგენლობა და ჰქონდათ ოფიციალური ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ქვეყნებთან პარიზიდან, რომელიც უცხოეთში მყოფი მთავრობის ცენტრად ითვლებოდა. ეს სამუშაოები ერთა ლიგაში მერეც გამოგვადგა, რამეთუ სწორედ საქართველოს საკითხი იყო წარდგენილი ამერიკის კონგრესში. მთელი განხილვა ჩატარდა და ეს ჩანაწერები დღესაც შეიძლება მოიპოვოთ, ძალიან საინტერესოა. ავად თუ კარგად, ასე გაგრძელდა სანამ 1991 წელს ხელახლა არ აღდგა ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პროფესიონალური დიპლომატია, რომელსაც ძალიან დიდი საქმე ჰქონდა – პირველ რიგში, მოეპოვებინა ჩვენი სახელმწიფოს აღიარება, ეს მათი პირველი საქმიანობა იყო, რომელიც ძალიან გაშლილი და წარმატებული იყო მთელ მსოფლიოში.

ჩვენ დღეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს აღიარება ბევრი ქვეყნების მიერ უფრო სწრაფად უნდა მომხდარიყო, მაგრამ მან დაგვიტოვა შედეგი – ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი. ჩვენ ვიცით ეტაპები, როცა გავერთიანდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და დავიწყეთ მსვლელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოკლე პერიოდში, მომავალ თვეში თუ თვეებში გადავალთ ევროპისკენ ამ მსვლელობის კიდევ ერთ ეტაპზე, რაც ჩვენ დასავლეთ თანამეგობრობის სრულყოფილ წევრად გაგვხდის. ეს არის გზა, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიამ უზარმაზარი როლი ითამაშა. მე მიყვარს იმის თქმა, რომ ჩვენი დიპლომატია არ ჰგავს ბევრი სხვა ქვეყნის დიპლომატიას. იმ მხრივ რომ, დღესაც კი, ჩვენთვის სხვადასხვა მეზობელთან თუ სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების წარმართვას აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა. იმიტომ, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობა ყოველდღე გასამყარებელია. ჩვენთვის სრულყოფილი დამოუკიდებლობა ჯერ არ არის, როცა ჩვენი ყველა საზღვარი ბოლომდე არაა აღიარებული, არაა დადგენილი, როცა ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, როცა არაღიარება ჯერ კიდევ ჩვენი პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა ჩვენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიმართულებით კიდევ გვიწევს იმის დამტკიცება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ამას არავინ, არასოდეს არ უნდა შეეხოს. ამიტომ, ვიდრე ეს ასე იქნება იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში სადაც ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენ არ გავხდებით ევროპის და ევროატლანტიკურ თანამეგობრობის სრულყოფილი წევრი, ალბათ ეს მართლაც ჩვენს ეგზისტენციალურ მიზნად დარჩება. დიპლომატია უნდა იყოს ის მიზანი, რომლითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაგრამ არამხოლოდ ეს.

როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენთვისაც დიპლომატია ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ გატანაა, ჩვენი იდენტობის, კულტურის გაცნობაა. ეს უკვე მხოლოდ დიპლომატების საქმე არაა. ამაში დიდ როლს თამაშობს ჩვენი კულტურა. თავისთავად კულტურის გატანა და ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაცას ქმნის, მათი შემოქმედებითი აქტივობა, კრეატიულობა – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გარეთ ექსპორტის ნაწილია. ჩვენ გვგონია, რომ ექსპორტი ბიზნეს სიტყვაა, ესეც არის, თუმცა ასევე ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის, მხარდაჭერის კუთხითაა. რაც უფრო კარგად გვიცნობენ გარეთ, ალბათ უფრო მყარია ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ. ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი, თუ სპორტმა და სპორტსმენებმა (და დიდი მადლობა მათ) რამდენად გაიტანეს ჩვენი ქვეყნის სურათი, აამაღლეს ცნობადობა და მართლაც აჩვენეს, რა შეუძლიათ ქართველებს ინდივიდუალურად და კოლექტიურად. ეკონომიკაც ძალიან დიდი ნაწილია.

ბიზნესმენებიც საზღვარგარეთ ჩვენი ელჩები არიან, მაგრამ დიპლომატიაში მაინც საელჩოები, დიპლომატიური კორპუსი და პროფესიონალები არიან ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მათ, როგორც არასოდეს, სჭირდებათ მეტი გამბედაობა, მეტი აქტივობა. არ უნდა შეეშალოთ ერთი რამე, რომ ისინი რომელიმე მთავრობის წარმომადგენლები არ არიან, ისინი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ქვეყნის წარმომდგენლები არიან და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ საკმაოდ რთული. მაგრამ მაინც, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიპლომატია თავის რანგზე დადგება და ყველაფერს შეძლებს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად ევროპის ამ გზაზე სხვლა, ევროპის ამ გზაზე წარმატება სჭირდება. აქ ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ნაწილი უნდა გააკეთოს. აქ მე დისკუსიები მესმის – „იმისი გაკეთებულია, ამისი გაკეთებულია, იმისი ბრალია, ამისი ბრალია“- ეს ყველაფერი მცდარია. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ საქმეში ყველანი ერთად არ ვიყოთ და არ შეიძლება რომ ამ საქმის შედეგი არ იყოს ჩვენი ყველასი და პირველ რიგში საზოგადოების“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას.

„ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, მე მგონი ამაში ყველანი დამეთანხმებით. როგორც არასოდეს, გლობალიზაციის დღევანდელ მსოფლიოში პატარა ქვეყანა, მარტო ქვეყანა ძალიან ცოდოა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ უნდა გვყავდეს პარტნიორები, მეგობრები, ოჯახი, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელთანაც ვიზიარებთ მთავარს – კულტურულ ღირებულებებს, ფასეულებს, ყველაფერს, რაც ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს კულტურას, რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილი და რაც წარსულიდან მოგვყვება. ეს ჩვენი სივრცეა და არ შეიძლება რომ ამ სივრცის გარეთ დავრჩეთ. ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს დღეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მსოფლიო სხვანაირადაა მოწყობილი და აქ საქართველოს ადგილი ძალიან ნათელია.

„შეიძლება, ბევრად ადვილი იყოს, იმ მხრივ, რომ არჩევანი ნათელია, ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება და ინსტინქტურად ვიცით, ვხედავთ სად არის ჩვენი გზა, სად არის ჩვენი მომავალი. დიპლომატია ამისთვის არის აუცილებელი. დიპლომატიას როცა ვამბობ, ეს მოიცავს ცოდნას, რაც არამხოლოდ პროფესიონალ დიპლომატებს, ასევე თქვენ ყველას გეხებათ. ჩვენ თუ არ ვიცით და კარგად არ გავიგეთ გარე მსოფლიო – ქვეყნები, მათი ისტორია, მათი კულტურა, ჩვენ არ გვექნება ეფექტური დიპლომატია. ნამდვილი და სერიოზული დიპლომატია სხვადასხვა რეგიონების გაგებაზე, ცოდნაზე, მათი ისტორიის ანალიზზეა დაყრდნობილი. ასე რომ, უცოდინარი დიპლომატები არავის სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი ექსპერტი გვჭირდება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ექსპერტი თვითდამრქმევითია, ვიღაცა თავის თავს დაარქმევს, რომ მე ვარ რაღაცის ექსპერტი და უცებ ექსპერტად ჩამოყალიბდება. ნამდვილი ექსპერტობა რთული, ძალიან საინტერესო და ძალიან საჭიროა. ასე, რომ ყველას გთხოვთ, გეხვეწებით, ჩაერთოთ თქვენს დარგში, ყველა დარგის სპეციალისტი გვჭირდება იმიტომ, რომ ასე ყველაფრის მცოდნე ადამიანები ხშირად არაფრის მცოდნეები არიან. სერიოზული ცოდნა დღევანდელი საუკუნის გამოწვევაა. ძალიან ბევრი ტექნოლოგიური და კომუნიკაციის საშუალება არსებობს, შეიძლება ნამეტანიც კი. ამიტომ ზოგჯერ დაბნეულები ვართ, მაგრამ ამ საშუალებების გამოყენება თქვენი ყველას ვალდებულებაა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც უზარმაზარი საშუალება ეძლევა – მოძრაობის, გაცნობის, გაგების, ერთმანეთთან ურთიერთობების. ეს ყველაფერი გამოიყენეთ. ნურაფრის ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტის კითხვაზე, რა რჩევას მისცემდით იმ დიპლომატს, იმ ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და რა რჩევას მისცემდით იმ პრეზიდენტს, რომელიც თქვენ შემდგომ გააგრძელებს ამ მოღვაწეობასა და საქმიანობას, პრეზიდენტმა აღნიშნა, „თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მემგონი სხვა პროფესია“.

„დიპლომატიის ნაწილში ძალიან მარტივია. მე მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც მე მივიღე პირველად რჩევად, როცა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე გამიშვეს საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო ვენაში, ეუთო-ს ფარგლებში და ვინც იქ ჩემი წინამორბედი იყო, იქ ჩემამდე მოღვაწეობდა, მან მითხრა, მე ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემო, მაგრამ ერთადერთი მოლაპარაკებებში შენ შეგიძლია, ყველაფერი გამოიყენო, რაც გაქვს – ნიჭი, როგორც თეატრში, თუ შეგიძლია, იტირო – იტირე; თუ შეგიძლია, გაიცინო – გაიცინე, იუმორი გამოიყენე, ცოდნა გამოიყენე და ყველაფერი. თავისუფალი სივრცეა, სადაც მართლა შეიძლება, შენით და შენი ინიციატივით ჩაატარო ეს მოლაპარაკებები. ცხადია, ეს არ ნიშნავს თავნებობას, რადგან მოლაპარაკებებში მთავარია ინსტრუქციებით მოქმედება და იმ ჩარჩოში უნდა ჩაჯდე. მაგრამ დანარჩენი ფორმა, რასაც მისცემ მოლაპარაკებებს არის სრულიად თავისუფალი. ამაზე საინტერესო პროფესია მემგონი არ არსებობს. იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად შეგიძლია ამით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურო, ბოლომდე და სიღრმისეულად გაიცნო ქვეყნები, მათი მოსახლეობა და ისტორია. ასე რომ, თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მემგონი სხვა პროფესია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას რომ მომავალ პრეზიდენტს რამე რჩევა მივცე იმიტომ, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, როცა ხარ არჩეული, ისე იქნება თუ ასე, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს ყოველთვის – შენ იმ დღიდან ხდები ყველას პრეზიდენტი. აღარა ხარ ვინმეს არჩეული, მასაც აღარ აქვს უფლება რომ გითხრას მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე და აბა რას აკეთებ. შენ არჩეული ხარ ამ ძალიან რთულ ფუნქციაზე მოვალეობებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება შენს თავთან, შენ ქვეყანასთან და მის ინტერესებთან რაც შეიძლება მართალი უნდა იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში იქნება კომისიის დასკვნა, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას – რამდენად შესრულდა, არ შესრულდა.

„ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს. ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მემგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არ მოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი. ასე რომ, ველოდოთ, ვიყოთ იმედიანად. კიდევ ერთხელ, ყველაფერი გავაკეთოთ და კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მე რამდენიმე დღეში გეტყვით რას გავაკეთებთ ერთად და ამაზე ყველაფერს დეტალურად მომდევნო დღეებში გაიგებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორი მმართველობა უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი – საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის.

„ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი შეიძლება გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ სანამ მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდა შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს ამ სტატუსს.

„რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი, რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში