საქართველოში დაბალი ინფლაცია სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივ კლებას და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას უკავშირდება - ეროვნული ბანკი

07 ნოემბერი 2023, 12:22 1052 ნახვა

2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, საგარეო შოკების ფასებზე ზეწოლის განეიტრალება განაპირობებს. კერძოდ, სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივი კლება გრძელდება. ცენტრალური ბანკის ცნობით, ასევე დაბალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ღირებულებაც.

"ეს ფაქტორები ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მყარ პოზიციასთან ერთად, საქართველოში დაბალ ინფლაციას განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის გაძვირებას ჰქონდა. ბენზინი და დიზელი შესაბამისად, 9.8% და 9.3%-ით გაძვირდა, ხოლო მათი ჯამური წვლილი თვის ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტი იყო. ბოლო პერიოდში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გასული წლის დონეს თითქმის გაუთანაბრდა. აქედან გამოდინარე, ოქტომბერში საწვავის ფასების გავლენა წლიურ ინფლაციაზე ნულს დაუახლოვდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გასულ წელთან შედარებით 1.2%-ით იყო გაიაფებული, რაც წლიურ ინფლაციას 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებდა. წლიურად სურსათის ფასების შემცირება მეტწილად გაიაფებულ ზეთს, პურს და ყველს უკავშირდება, რამაც ინფლაცია ჯამურად 1.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. თუმცა სურსათიდან გამოსარჩევია გაძვირებული ძროხის ხორცი, რამაც ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. დანარჩენი პროდუქტებიდან გამოსარჩევი სამომხმარებლო კალათაში შესული ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფება იყო, რაც ჯამში ინფლაციას 0.7 პროცენტული პუნქტით ამცირებდა, ხოლო გაზრდილი საბანკო მომსახურების და ბინის დაქირავების ღირებულება შესაბამისად, 0.4 პროცენტული პუნქტით და 0.2 პროცენტული პუნქტით ზრდიდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს 2.1%-ს შეადგინა“, - აცხადებენ მარეგულირებელში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაბალ ინფლაციას იმპორტირებული და შერეული საქონლის დეფლაცია განაპირობებს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების და ტრანსპორტირების ფასების შედარებით სტაბილურობასთან ერთად, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია უწყობს ხელს. ოქტომბერში იმპორტირებული და შერეული საქონლის წლიური შესაბამისად, 1.6% და 3.6%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

„ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და ოქტომბერში 4.5%-ს შეადგინა. ჯერ კიდევ შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური გაძვირება განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.2 პროცენტული პუნქტია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების გაძვირებას და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის დაქირავების ღირებულებას“, - წერია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში