ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს

08 ნოემბერი 2023, 09:57 481 ნახვა

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.

ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში