კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის საქართველოს მოსახლეობის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერის, ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება - ჰერჩინსკი

08 ნოემბერი 2023, 15:39 477 ნახვა

კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა, ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, რადგან ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში.

მეორე მხარეს გვყავს ევროკავშირი, 27 წევრი ქვეყნით, რომლებმაც უნდა დაიწყონ მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ მიიღონ რამდენიმე, შესაძლოა 10 წევრი ქვეყანა, რა დრო იქნება საჭირო ამისთვის, ამას ვნახავთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ორივე მხრიდან წინსვლას დავიწყებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ აღვნიშნოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღება ხდება მაღალ დონეზე, პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ დადებითი რეკომენდაციები იქნას განხორციელებული, რომელიც გაცემულ იქნა ევროკომისიის მიერ. შესაბამისად, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში. პოლიტიკური ძალები საქართველოში უნდა გაერთიანდნენ, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ერთხმად უნდა ისაუბრონ. ინკლუზიურობა არსებობს და ასევე თანამშრომლობა, ორივე უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ელჩმა.

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში