მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს - პრემიერი

08 ნოემბერი 2023, 16:03 655 ნახვა

ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება, ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ უზარმაზარი შრომა გაწია, რომ შედეგი დამდგარიყო.

"მადლობა მინდა, გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. ეს პერიოდი იყო საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს, გადავუხადო მადლობა საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24-საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ჩვენ დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ უნდა ითქვას, პოზიტიური, დადებითი.

 

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს.  მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც ასევე მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ- ვინაიდან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ერთი თვის წინ მქონდა შეიძლება ასე ითქვას გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, საუბრები ამერიკელ მეგობრებთან. მინდა, აქვე გამოვყო სალივანთან შეხვედრა და მინდა, პირადად მას გადავუხადო მადლობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სალივანისა და აშშ-ის მთავრობის ასე ვთქვათ სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მე მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და შეიძლება ასე ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში. ჩვენ განსაკუთებით ბოლო პერიოდში თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  დღეს ქვეყანამ, ხალხმა და სიმართლემ გაიმარჯვა.

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა, არაერთი დესტრუქციული ქმედებისა შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა და და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას. ჩვენ შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, რადგან საქართველომ მაშინ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ამაყად შეიძლება თქვათ, რომ დამსახურებულად მივიღეთ დღევანდელი დღე. მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და ეს არის უდავოდ ძლიერი, წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ვინც ხელშესახები გააკეთა, არის „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ევროკომისიის რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს და შედეგები დადო სწორედ ხელისუფლებამ.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის მოტივაცია, რომელიც აქვს ოპოზიციას. აქვე, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციას, და მე ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა, მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის.

„რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში“, - განაცხადა პრემიერმა.

ცოტა ხნის წინ,ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში