ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობაა - ილია დარჩიაშვილი

08 ნოემბერი 2023, 17:43 564 ნახვა

ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უზარმაზარი  წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

"ამით პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით უკვე დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერების დონეზე, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საბოლოოდ გაფორმდება. მაგრამ ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ეს არის შედეგი, რომლითაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი დღე. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში