ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

14 ნოემბერი 2023, 15:23 442 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს.

შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ პროცესში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან.

ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ"- განმარტავენ მთავრობის ადმინისტარციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში