ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო - ფინანსთა მინისტრი

15 ნოემბერი 2023, 16:22 886 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიანდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს - ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ისევ ინვესტიციების კომპონენტია.

„მიმდინარე წელს, ჩვენ ეკონომიკურ ზრდას – 6,5 პროცენტს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30 000 დოლარს მიაღწევს“,  - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ ზრდას განაგრძობს და მხოლოდ 2023 წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ტურიზმიდან იმდენივე შემოსავალი მივიღეთ, რაც 2019 წელს მთლიანად და 28 პროცენტით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ცხრა თვეში. ჩვენი შეფასებით, ტურიზმი მომდევნო წლებშიც გააგრძელებს დადებითი წვლილის შეტანას როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ერთგული რჩება ვალის პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნის.

"საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ ვალის დოლარიზაცია 65 პროცენტს ქვემოთ შევამციროთ, რაც განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ უკვე შევძელით ეს მაჩვენებელი 80 პროცენტიდან 72 პროცენტამდე ჩამოგვეყვანა და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, გავაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ გამოშვებები და გაიზარდა ბაზრის ლიკვიდურობაც. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი მიზანია, საქართველოს ვალის პორტფელი მოვამზადოთ საერთაშორისო ინდექსებისათვის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია ჯამურად 6,9 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, გათვალისწინებულია 4,8 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17 პროცენტი.

მისივე განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით წლებია, ხორციელდება შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა. მისივე თქმით, საქართველოს საგადასახადო სისტემა წლებია, წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად, ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში, კვლავ გრძელდება მუშაობა ფისკალური ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიზნით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში