"პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება - იუსტიციის მინისტრი

17 ნოემბერი 2023, 13:02 609 ნახვა

"პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება - აღნიშნულის შესახებ რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბრეგაძის განმარტებით, აღნიშნული კოდექსით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საცხოვრებელი პირობები გათანაბრდება.

"პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობებიც. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციური კოდექსი შემუშავდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

"კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და მის შემუშავებაში ჩართული იყო სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არავინ ელოდა, რომ ამ ტიპის კოდექსის შემუშავება ასეთ მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი, სულ რაღაც ოთხ თვეში ჩვენ დავასრულეთ მასზე მუშაობა და 90%-ზე მეტი რეკომენდაციები ავსახეთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მოსმენა მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მისული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგად დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში