პარლამენტში, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაური და დაპირისპირება იყო

17 ნოემბერი 2023, 16:28 628 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რატი ბრეგაძეს მატყუარა უწოდა.

რატი ბრეგაძემ მიმართა მის მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომ ამოუბეჭდონ დეპუტატს სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხზე და მარკერით გაუხაზონ თვალსაჩინოებისთვის. თინა ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ ეს არ სჭირდება.

ამ დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას უცენზურო სიტყვით მიმართა, რის გამოც ბოკუჩავამ სხდომის სპიკერ გია ვოლსკის მგალობლიშვილისთვის სხდომის დატოვება მოსთხოვა.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, უმრავლესობის წევრებმა კი, ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში