საქართველოში შაბათ-კვირას გამოიდარებს - გარემო

17 ნოემბერი 2023, 16:41 1185 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

მათივე ცნობით, 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დასავლეთ საქართველოში დათბება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, 17-19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 ნოემბერს შენარჩუნებული წვიმიანი ამინდი, 18-19 ნოემბერს გამოიდარებს და +17, +22 გრადუსამდე დათბება. 20 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18-19 ნოემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ხოლო 20 ნოემბერს კვლავ გაწვიმდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 17 ნოემბერს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დღის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 ნოემბერს დღის ბოლომდე შენარჩუნებული თოვლიანი ამინდი. 18-19 ნოემბერს გამოიდარებს, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 18-19 ნოემბერს გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 17-18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 19 ნოემბერს მოიღრუბლება და ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. 20 ნოემბერსაც იწვიმებს და დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 20 ნოემბერს გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში