შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაამტკიცა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში - პაველ ჰერჩინსკი

28 ნოემბერი 2023, 10:26 482 ნახვა

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"როგორც არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ვარ საქართველოში, ვცდილობ, ვიყო ქართული წარმატების ნაწილი. როგორც ვიცით, რვა ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი შეფასება გასცა კანდიდატის სტატუსზე. ახლა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიასთან. ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში.

"საქართველოს გერბს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ერთიანობის სიმტკიცით არის შექმნილი და ზუსტად ეს არის საჭირო ევროინტეგრაციისთვის. ჩემი ქვეყნის, სხვა ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, რომლებიც წარსულში შეუერთდნენ ევროპულ კავშირს, ეს ყოველთვის იყო ყველას კოლექტიური ძალისხმევა და მთავრობა აშკარად უნდა იყოს ინკლუზიური. ოპოზიციამ უნდა მოუსმინოს საზოგადოებას, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში. გაერთიანებულ ქართველებს მართლაც დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრიორიტეტია. ვიცი, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ მიზანს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე განცხადებით, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნას და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. ასე რომ, ჩვენი, ევროპული გადმოსახედიდან, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში