პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში" ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის არჩევნების შედეგები - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი 2023, 13:12 576 ნახვა

მართლა პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში", დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს.

„რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშლება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, იმ პირობებში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, ლიდერი არის კეზერაშვილი და ა.შ. 16 პროცენტიც ზედმეტია.

„რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მაშინაც დეგრადირებული იყო ეს პარტია, როცა აიღეს 27 პროცენტი. დღეს ისეთი მდგომარეობაა ამ პარტიაში, რომ საკუთარი ყოფილი მხარდამჭერებიც აღარ უჭერენ მხარს, ამიტომ არის მათი რეიტინგი შემცირებული. როცა თავმჯდომარე გყავს კომიკური ფიგურა, ლიდერი გყავს კეზერაშვილი, რომელმაც ჯარი, ბიზნესმენები გაძარცვა და ახლა ევროპელ პენსიონრებს ძარცვავს, ამ პირობებში ესეც ზედმეტია.

 

საკუთარი მხარდამჭერებიც კი დაკარგეს. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა, ხაბეიშვილი ამაყობს 16 პროცენტით. ვერავინ გაიგო, მელია არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ წევრი. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად სუსტდება პარტია. მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება, ვერ გაერკვნენ, რა ხდება პარტიაში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი. ძალიან გაუჭირდებათ დალაგება, ამ ყველაფერს აქვს ბევრი და კომპლექსური მიზეზი. იურიდიული მხარე მეორეხარისხოვანია, პოლიტიკურ პრობლემებს ხედავენ ამ საკითხის გადაჭრაში. იციან, რომ მელიას შეუძლია, დაახლოებით, ერთი პროცენტი წაართვას პარტიას. იმ პირობებში, როცა უწევთ, 16 პროცენტით იამაყონ, ეს ერთი პროცენტიც არის დასანანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გაცხოველებული შეხვედრები. ძალიან საცოდავი სანახავები იყვნენ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად.

„სალომე ზურაბიშვილისგანაც კი გამიკვირდა, რომ ასე შეძლებდა საკუთარი ღირსების დათმობას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოიცავს რამდენიმე პარტიას, ტელევიზიებს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს „შესანიშნავი“ შეხვედრა. მართლა სამარცხვინო იყო. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს იყო ზურაბიშვილი, მეორე მხარეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირი გაგებით ხან აგინებდნენ, ხან უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, სამარცხვინო ეპიტეთებით მოიხსენიებდნენ, დღეს კი, სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამ ადამიანებს.

ამას აკეთებს იმის ხარჯზე, რომ საკუთარ ამომრჩეველს ჰკრავს ხელს. ეს არის მართლა ღირსებასთან დაპირისპირება, რაც უბრალოდ სამარცხვინოა. დაახლოებით ათი კაცი სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურად აგინებდა. 2018 წელს ყველაფერი აკადრეს, რისი კადრებაც შეიძლებოდა და მერეც არ დააკლეს. ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ეგებება ამ ადამიანებს, რადგან ის გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ხომ სამარცხვინოა, ეს ხომ ღირსების აყრაა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, 12 პრიორიტეტის შესრულებისას მმართველი გუნდი მარტო მუშაობდა. მისივე განცხადებით, მმართველ ძალას ალბათ ისევ მარტო მოუწევს მუშაობა, რადგან ოპოზიციის იმედი არ აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში