ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“, აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო პარტიის წევრი, თუმცა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს აუმხედრა რვა საკრებულო - კობახიძე

29 ნოემბერი 2023, 14:23 499 ნახვა

ოპოზიციამ ბრძოლა წააგო, რომლის მიზანიც იყო საქართველოს მიერ სტატუსის არმიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას შესუსტებული პოზიციები აქვს და აქედან გამომდინარე, მათი ნაწილი მზაობას აცხადებს, რომ სამუშაო პროცესში ჩაერთონ, რასაც არ აკეთებდნენ მანამდე, ვიდრე მუშაობა საჭირო იყო სტატუსის მისაღებად.

„გახსოვთ, რომ ერთპარტიულად უზრუნველყავით სტატუსის მიღება. ახლა მზაობას გამოხატავენ. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. სამოქმედო გეგმა დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, წესით, დღეს გამოქვეყნდება. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული უშუალოდ ვიყავით, რადგან არაერთი პუნქტი საპარლამენტო დღის წესრიგს უკავშირდება. ეს არის სასამართლო საკითხები და ასევე საკითხები, რომელიც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას უკავშირდება, რაც პარლამენტის საქმეა. არის საკითხები, რაზეც მეტწილად მთავრობამ უნდა იმუშაოს. მარტივი, მაგრამ ამავე დროს კომპლექსური სამოქმედო გეგმაა, რომელიც ძალიან დეტალიზებულია. ისეთივე დეტალიზებული, როგორიც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით იყო,''-განაცხადა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციაში უჭირთ გაერთიანება.

„როცა მთელი ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არასდროს აღემატებოდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 45 პროცენტს, ასეთ დროს ჩვენს დამარცხებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის ის, რომ გაერთიანდნენ იმისთვის, რომ სცადონ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. თუმცა უჭირთ ერთმანეთთან დალაპარაკება, მაგალითად, „ლელო“, გახარია, იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა გაახსენდათ უცებ, რომ ერთი მეორეს ეძახდა თაღლითს, მეორე პირველს ეძახდა თვალთხარიას. ასეთ პირობებში მათ გაერთიანება ძალიან უჭირთ, რადგან საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არსებობს ამბიციები სიასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახო, გაგყავს, პირობითად, რვა კაცი, ამ რვაკაციან სიაზე შეჯერებაც უჭირთ. აქედან გამომდინარე, მცდელობები იქნება, მაგრამ გაერთიანება უჭირთ რეალურად.

 

ასევე, ვიცით, რომ არსებობს ასეთი გეგმა, სალომე ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნების წინ და შეუერთდეს გახარიას ან „ლელოს“, ლომჯარია მიამატონ ამას. ლომჯარიათი და ზურაბიშვილით რომ გინდა, ფონს გახვიდე, აქ ჩანს, რომ ვინც ამას გეგმავს, კარგად არ აქვს დანახული პოლიტიკა. მძიმედ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქმე, მათ შორის იმ პოლიტიკური კლუბების საქმე, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ნაცმოძრაობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა და პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილს და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე 16-პროცენტიანი რეიტინგით ამაყობს, თუმცა ვერ ითვლის, რომ 16 პროცენტით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.

„თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16-პროცენტიანი რეიტინგით. შეიძლება, ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან, ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16 პროცენტით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან სხვები, რომლებსაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ. გასაგებია, საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში