ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

29 ნოემბერი 2023, 20:47 847 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტები.

ანაკლიის პროექტზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2024 წელს დაიწყება საზღვაო სამშენებლო სამუშაოები. ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება. 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტს, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ახალ აეროპორტს ექნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ფუნქცია მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ზომისა და ტიპის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება და მომსახურება.

საუბარი შეეხო თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომელიც წელიწადში 50,000-ამდე მგზავრს მოემსახურება. გეგმაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.

ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ღონისძიებებს და ხაზი გაესვა, რომ აშენდება 3.5 კმ სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს.

საუბრისას განიხილეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზიანი დეტალურად დაითვლება და ინფრასტრუქტურა მოკლე ვადებში აღდგება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში