ჩვენ "შავ ფულს" არ ვატრიალებთ არსად და ყველაფერს ვაჩვენებთ თეთრად - მამუკა მდინარაძე

07 დეკემბერი 2023, 15:44 421 ნახვა

ტყუილია „შავი ფულის“ ამბავი და როგორ დავამტკიცოთ? თქვენ გაცვიათ ლურჯი პიჯაკი, შავი რომ არ გაცვიათ როგორ დაამტკიცებთ? სად არის „შავი ფული" მე მითხარით და რაღაცნაირად მოვიძიებ მეც - რა თქმა უნდა ზღაპარია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვის საკითხის კომენტირებისას ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„სად არის სად, „შავი ფული" - ჩვენც გვითხრან. ადრე ამბობდნენ, იურიდიული პირების დახმარებით ხდებაო და ამოღებულია ეს, ვენეციის კომისიაც ამას ამბობს, ახლა ფიზიკური პირებითო, მაშინ მოვხსნათ საერთოდ ეს დაფინანსება. ტყუილია ეს და როგორ დავამტკიცოთ? თქვენ გაცვიათ ლურჯი პიჯაკი, შავი რომ არ გაცვიათ როგორ დაამტკიცებთ? სად არის "შავი ფული" მე მითხარით და რაღაცნაირად მოვიძიებ მეც. რა თქმა უნდა, ზღაპარია. არგუმენტების გარეშე ხდება ამის ლაპარაკი, ან მოგონილი სიუჟეტებია, ან მოგონილი არგუმენტებია და კონკრეტული მტკიცებულება რომ ვერავინ დადო, ეს იმის მამტკიცებელია, რომ არ აინტერესებთ ეს თემა რეალურად. უბრალოდ უნდა ისროლონ ტალახი, ვიღაც დაიჯერებს, ვიღაც - არა და შენ ეს ტალახი უნდა იწმინდო ყველა ჯერზე, ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ამასაც არ ვაპირებ. თუ მართლა დაფინანსების საკითხი აინტერესებთ, ერთი კითხვა როგორ არ დასვა ოპოზიციამ კომიტეტზე, ერთი არგუმენტის რომ ჰქონოდათ, ხომ მივიდოდნენ კომიტეტზე და ამას გაახმოვანებდნენ?!

რეალურად იცით რაშია საქმე? „შავი ფული" ტრიალებს "ნაცმოძრაობაში", თავის დროზე ბიუჯეტიდან მოპარული, არ ვგულისხმობ მხოლოდ საკუთრივ "ნაციონალურ მოძრაობას", ვგულისხმობ "ნაცკლასტერს" და მათ არ ჰგონიათ ნამდვილად, მაგრამ უნდათ ხალხს ასე მოაჩვენონ, რომ სხვაგანაც "შავი ფულია". იცით რატომ არის, რომ ჩვენი ხარჯი მნიშვნელოვნად დიდია ხოლმე, ვიდრე მათი? - იმიტომ, რომ ჩვენ "შავ ფულს" არ ვატრიალებთ არსად და ყველაფერს ვაჩვენებთ თეთრად. თქვენ რა გგონიათ, ოპოზიცია ჩვენზე ნაკლებ ფულს ხარჯავს? ოფიციალურ თანხებში, თეთრ ფულში, მათი ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, ჩვენი გაცილებით მეტი იმიტომ არის, რომ ისინი "შავ ფულს" ატრიალებენ და ჩვენ არც ერთ კაპიკს არ მივყვებით ისე, რომ შავი მაქინაციები გვქონდეს, არ გვჭირდება და იმიტომ, რადგან ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომლებიც სწირავენ მმართველ პარტიას თანხას, ოღონდ ისე კი არა, "ნაცები" რომ ღამე დაიბარებდნენ, ნოტარიუსებს რომ აფორმებინებდნენ, ასე კი არა”, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში